ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ 64 წლის ვლადიმირ მაკეის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გავრცელდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2012 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა. რამდენიმე დღის წინ ის ერევანს სტუმრობდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის გარდაცვალება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიუსამძიმრა.
„ღრმად შეგვძრა მოულოდნელმა ცნობამ ვლადიმირ ვლადიმირის ძე მაკეის ნაადრევი გარდაცვალების შესახებ. ეს აუნაზღაურებელი დანაკარგია. ვლადიმირ ვლადიმირის ძე საერთაშორისო დონის პროფესიონალი და ჭეშმარიტი პატრიოტი იყო. ის ღირსებით იცავდა ბელარუსის ინტერესებს და ეწინააღმდეგებოდა მტრების თავდასხმასა და წნეხს. ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ ვლადიმირ მაკეის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს“, - წერია ტელეგრამაში, რომელიც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბჟამიამ მინსკში, ლუკაშენკოს გაუგზავნა.
ამავე წყაროს ცნობით, სოხუმიდან ასევე გაიგზავნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სამძიმრის ტელეგრამა.
„გამოვხატავთ გულწრფელ თანაგრძნობას ნათესავებისა და ახლობლების მიმართ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის გარდაცვალების გამო“, - წერია ტექსტში.