ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეულ ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
„სიტუაცია საყურადღებოა და ეს დაკავშირებულია „ომიკრონთან“. რისკები იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები მკაცრად დავიცვათ და ვაქცინაცია უფრო აქტიური გახდეს. არის იმის ალბათობა, რომ პიკზე შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი დღიური შემთხვევა გვქონდეს, რაც საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge