ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
„რასაც ვხედავთ, ეს ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გარკვეული ეტაპია. სხვა სახელს ამას ვერ დავარქმევთ. ეს ომი საინფორმაციო სივრცეშია გაჩაღებული“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.
imedinews.ge