„ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1.8 მლრდ ლარს, აქ მარტივად და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების და ამან მოგვცა დაახლოებით 300 მლნ ლარი. გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, რომ ყველაფერს დაემატა კოვიდ 19-ის ხარჯები და აშკარა გახდა, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად ჩვენ გვაკლია 3 მლრდ 900 მლნ ლარი. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, რის შედეგადაც დაფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
არსებულ ვითარებაში, როდესაც ბიუჯეტიდან ხარჯვითი ნაწილის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა მოსალოდნელი, სპეციალისტების აზრით, მართალია, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ კვარტალში წარმატებით შესრულდა, თუმცა, მეორე კვარტალში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება ბიუჯეტის ხარჯების რადიკალური შემცირების პარალელურად უნდა ხდებოდეს, რათა შემდეგ კვარტალში მისი შესრულების მხრივ დიდი პრობლემები არ შეიქმნას. ამისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება უნდა შენარჩუნდეს.
„მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯების შემცირება უნდა დაიწყოს, მაგალითად როგორიცაა ენის დეპარტამენტი, დროებით რომ გავაჩეროთ ან ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შევაჩეროთ ზოგიერთი გადაცემა და ა.შ. თუმცა, პრინციპი როგორ უნდა მივუდგეთ ამას იგივეა რაც მთავრობამ ბიზნესის მიმართ გამოიყენა, ანუ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წარმოება მაგალითად პურის წარმოება გაგრძელდა და ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგალითად ღვინის წარმოება დროებით შეჩერდა. ამ პრინციპით შეუძლიათ დატოვონ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად თავდაცვა, მაგრამ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ბევრი ინსტიტუტი ამ ეტაპზე არ გვჭირდება და შეგვიძლია გავაჩეროთ, ამ ინსტიტუტებში არსებულ თანამშრომლებს კი კომპენსაციის სახით გადავუხადოთ ხელფასის რაღაც ნაწილი. თუ ცალკეული სამინისტროების ბიუჯეტებს გადავხედავთ და ისეთ ღონისძიებებსა და პროექტებს გავაუქმებთ, რომლებიც უსაფრთხოებასთან და ვირუსთან ბრძოლას არ ეხება, ხარჯების შემცირების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად რადიკალური იქნება შემცირება, ჯამურმა ეკონომიამ შეიძლება მთავრობას შემცირებული შემოსავლის სრული კომპენსირების შესაძლებლობა მისცეს. ხოლო ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უკვე დამტკიცებული და მომავალში მოსალოდნელი საგარეო დახმარება, ბიუჯეტის დამატებით სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო საგანგებო ბიუჯეტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე. მისი თქმით, პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი დღემდე იმიტომ არ არის წარმოდგენილი, რომ მთავრობას არ აქვს გეგმა თუ რითი შეავსოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი და შემდეგ რითი დააფინანსოს ფისკალური სტიმულები.
„პირველი კვარტლის განმავლობაში შემოსულობების ნაწილში რაც იყო დაგეგმილი შესრულდა და ბიუჯეტს პრობლემა არ ჰქონია. ბიზნესმენებმა დღგ-ს ბოლო გადახდა 15 აპრილს განახორციელეს, ამის შემდეგ ყველა სახის ბიზნესი გაჩერდა, მათ შორის ონლაინ გაყიდვები, ანუ გამოდის რომ დღგ-ს და საშემოსავლოს ნაწილში ბიუჯეტში ფული აღარ შევა, ეს ორი კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში. დიდი ალბათობაა, რომ ბიუჯეტმა ვერ მოახერხოს იმ ვალდებულებების შესრულება რაც ნაკისრი აქვს, შესაბამისად გაჩერდეს სხვა პროექტებიც. შეიძლება სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი დღემდე არ არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ არ აქვთ გეგმა თუ რითი შეავსონ ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი და შემდეგ რითი დააფინანსონ ფისკალური სტიმულები. ერთადერთი ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ კერძო სექტორს და სოციალური გაცემებიც განხორციელედეს არის მხოლოდ უცხოური დახმარებები, ტრანსფერები და ასევე შესაძლოა საგარეო ვალიც დაგვჭირდეს, რომლის გადახდის გრაფიკის გადაგეგმვაც არ იქნება ცუდი“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2020 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,736 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,9 პროცენტია. პანდემიის მიუხედავად, პირველ კვარტალში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მაჩვენებელს ასევე აჭარბებს.
ნინო თამაზაშვილი