ამ ამბამდე, ვერც კი დავუშვებდი, რომ ხაბარელებს შეეძლოთ თავის ასეთი ნეგატიური კუთხით წარმოჩენა – თეიმურაზ ჭიჭინაძე

ამ ამბამდე, ვერც კი დავუშვებდი, რომ ხაბარელებს შეეძლოთ თავის ასეთი ნეგატიური კუთხით წარმოჩენა – თეიმურაზ ჭიჭინაძე

access_time2022-04-04 12:34:25

გასულ კვირას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენ თეიმურაზ ჭიჭინაძისა და პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს შორის საკუთრებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავაში ბიზნესმენის ოჯახის ინტერესებს იცავს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ პარლამენტარის ოჯახი, კერძოდ მისი ვაჟი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უკანონოდ დაეუფლა ბიზნესმენის ოჯახის კუთვნილ მიწის ფართს. ადვოკატების ინფორმაციით, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, უთანხმოება შეთანხმებით მოგვარებულიყო, ხაბარელების მხარემ კომუნიკაცია უპასუხოდ დატოვა. ბიზნესმენი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

 

„ბანკები და ფინანსები“ მხარეებს დაუკავშირდა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა განაცხადა, რომ საქმე ეხება  აბსურდულ დავას და თაღლითურ სქემას. მისი თქმით, ბიზნესმენი თემურ ჭიჭინაძე ხაბარელების ოჯახს უკანონოდ ედავება და რომ ოფიციალურად, სადაო ნაკვეთი  მის საკუთრებაშია.

 

„ვერავინ ამტკიცებს, რომ მის საკუთრებაში ეს მიწის ნაკვეთი იყო. საქმეში დევს დოკუმენტი, რომელიც პირიქით, გაყალბებულია თემურ ჭიჭინაძის მიერ. ზუსტად ამიტომ ვაპირებ საქართველოს პროკურატურაში შევიტანო სარჩელი. ეს არის დოკუმენტის გაყალბება ქონების გამოძალვის მიზნით. გაკეთებულია ხელმოწერები და ეს ხელმომწერები ნოტარიულად ამოწმებენ, რომ ეს ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით. ეს ყველაფერი კი სისხლის სამართლის დანაშაულია“, – მიაჩნია ხაბარელს.

 

მისი თქმით, ოჯახმა სახლის მშენებლობა  2006 წელს დაიწყო (დუშეთის მუნიცილიტეტში 2006 წელს ოფიციალურად დავიმტკიცე მშენებლობის პროექტი) და დავასრულეთ 2008 წელს. „14 წელია სახლი დგას ამ ნაკვეთზე და როგორ შეიძლება ადამიანს მიწის ნაკვეთი ჰქონდეს და  2020 წლამდე არ მოიკითხოს? ამ ნაკვეთზე ოფიციალურად ავაშენე სახლი და ყველა საჯარო უწყებას გამოეპარა ეს? მას  ჰქონდა ეს მიწის ნაკვეთი  დოკუმენტურად გაფორმებული და მე ასეთი ჯადოქარი ვარ, რომ ისე დავდგი სხვის მიწის ნაკვეთზე სახლი, რომ ეს ყველასთვის შეუმჩნეველი გახადა? ეს ხომ აბსურდია. დუშეთში ყველამ იცის, რომ ეს სახლი ჩვენ გვეკუთვნის“-განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

 

მამუკა ხაბარელის პოზიციის გაცნობის შემდგომ, „ბანკები და ფინანსები“ თემურ ჭიჭინაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ბისნესმენთან.

 

– ბატონო თემურ, თქვენსა და ხაბარელების ოჯახს შორის მიმდინარე დავა დუშეთში, სოფელ ჩანადირებში მდებარე 500 (ხუთასი) კვადრატული მეტრის მოცულობის მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით, პირდაპირ უნდა ითქვას, არ არის მასშტაბური დავა. უფრო მეტიც, ყოფითი ქონებრივი დავის შთაბეჭდილებას ტოვებს. რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე? რატომ ვერ მოხერხდა, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი მხარეები ამ მოკრძალებულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოს გარეშე შეთანხმებულიყავით?

 

– ეს შეკითხვა უფრო ხაბარელების მხარის მისამართით უნდა იყოს დასმული, ვიდრე ჩემი. რა თქმა უნდა, პირველი რაც ვიფიქრე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩემი ოჯახის კუთვნილ ნაკვეთზე ხაბარელების საოჯახო მეურნეობა იყო გაშენებული, იყო ის, რომ ალბათ რაღაც გაუგებრობაა და მისი ადამიანურად მოგვარება იოლად მოხერხდებოდა. სამწუხაროდ შევცდი, – მიუხედავად რამდენიმეგზის მცდელობისა, მამუკას და შოთას მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება ვერ დავინახე. უფრო მეტიც – შემომითვალეს, რომ თუ რაიმეს უკანონოდ მივიჩნევდი, საამრთლებრივად მედავა. არ ვიცი, არ შევალ სიღრმეებში, რისი იმედი აქვთ სასამართლოში, ან რატომ თვლიან (თუკი თვლიან), რომ მათ ამ ქონებასთან დაკავშირებით, ნებსით თუ უნებლიეთ, წინასწარ განზრახვით, თუ უნებურად, უკანონობა არასოდეს, არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან მიმართებით არ ჩაუდენიათ, მაგრამ, ფაქტია, კონკრეტული და საგნობრივი საუბარი საკითხთან დაკავშირებით, არ ისურვეს.

 

კი ბატონო, იყოს ასე, როგორც იტყვიან, თავად  თუ არ „უტყდებათ“, მე მით უმეტეს – ვიდავებთ სასამართლოში.


 

– მამუკა ხაბარელი პირიქით, ბრალს გდებთ დოკუმენტების გაყალბებაში, ქონების გამოძალვის მიზნით. გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ აქამდე არ დაინტერესდით მთელი 14 წლის მანძილზე, თუკი მიწის ნაკვეთი მართლაც თქვენი იყო. საუბრობს, რომ თქვენ ვერ დაამტკიცებთ, რომ ნაკვეთი თქვენს ოჯახს ეკუთვნის და უფრო მეტიც, რომ თქვენ, თავის დროზე, ხელმოწერები გაქვთ გაყალბებული საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებზე და ამ მოტივით ის თქვენს წინააღმდეგ პროკურატურაში აპირებს განცხადების შეტანას. რას უპასუხებთ?

 

– რასაც თქვენ მეუბნებით, იქედან გამომდინარეობს, რომ მამუკა, ეს ახალგაზრდა კაცი, იმაზე შორს წასულა არასწორი მიმართულებით, ვიდრე ამისი წარმოდგენა შემეძლო. სამწუხაროა, მაგრამ მისი საქციელის და პოზიციის განსჯას არ დავიწყებ. სასამართლოსაც ამიტომ მივმართე, რომ დავინახე – საუბარზე და გონივრულ, სამართლიან გადაწყვეტილებაზე ხაბარელები არ მოდიოდნენ.

 

ვპასუხობ პუნქტობრივად

 

– ჩემი საკუთრებით როდის დავინტერესდები და რა ვითარებაში, არ არის მამუკა ხაბარელის გაკვირვების და დაკვირვების საგანი.  არ ვიცი რა ტკბილ-მწარე გამოცდილება აქვს მამუკას საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემსას ვეტყვი, რომ სწორედ იმ 2006-2007 წლებიდან მოყოლებული, საიდანაც მამუნათებს – მიწის ნაკვეთი ჰქონდა კაცს და არც მოუკითხავსო, სწორედ მაგ პერიოდიდან მოყოლებული, ჩემი და ჩემი მეგობრების ნაშრომი ხელის ერთი დაკვრით დანაშაულებრივად მიითვისა მაშინდელმა ხელისუფლებამ და იმ სტრესის და დანაკარგის გამოსწორებას და ანაზღაურებას დღემდე ვცდილობ. საუბარი მაქვს ენერგოკომპანებზე „ჟინერი“ და „ორთაჭალენერჯი“, სადაც პოსტსაბჭოთა ანარქიის პერიოდში გაპარტახებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამოქმედებას წლები და უზომო სახსრები მოვანდომეთ. შედეგად მივიღეთ ხელის გადაგრეხვა, ჩაგვრა და ძალმომრეობა. მაგრამ ეს არია სხვა ოპერიდანაა და მისი მოსმენის დროც დადგება მავანთათვის. მამუკას ეს არ ეხება, უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა…

 

– მამუკას რაც ეხება არის ის, რომ მას მწარედ ეშლება ისტორიები. მეც მსმენია, რომ მიმდებარედ მართლაც არის რაღაც გაურკვევლობები დოკუმენტაციის სისწორესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ჩემს ნაკვეთს.

 

– მე ნათლად და მკაფიოდ ვამტკიცებ საიდან არის ეს ნაკვეთი, კონკრეტული საკადასტრო კოდით, ჩემი ოჯახის საკუთრება.  რასაც ვერ დაამტკიცებენ ხაბარელები არის სწორედ ის, თუ რომელი სამართლებრივი ფორმით გახდნენ ისინი ამ ნაკვეთის მესაკუთრეები. მე ვთხოვდი მათ, წარმოადგინონ ან ნასყიდობის, ან ჩუქების ხელშეკრულება, ან სამკვიდრო ნოტარიული აქტი, რაც მათ სიმართლეს დაამტკიცებს. მართლა ძალიან მაინტერესებს, რის წარმოდგენას აპირებენ სასამართლოში.

 

რეალურად კი, საქმე ის არის, რომ აღნიშნული ნაკვეთი, ისე როგორც კიდევ რამდენიმე მიმდებარე ნაკვეთი კომპანია „ჟინერის“ თანამშრომლებს (თავის დროზე ჟინვალის წყალსაცავის მმართველი კომპანია, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ყაჩაღურად გადაიფორმა სახელმწიფომ და შემდგომ გაასხვისა) დუშეთის რაიონის გამგეობამ გადმოგვცა ერთგვარი მადლობის ნიშნად, რამდენადაც ჩვენი ინიციატივით და საკმაოდ სოლიდური ხარჯით, გავაკეთეთ დამცავი დამბა ანანურის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ.

 

სხვათა შორის, აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იკვეთება. სასამართლოსთვის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ ხაბარელების შინამეურნეობის ზედდება მხოლოდ ჩემს ნაკვეთზე არ ხდება. არამედ, ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი მაშინდელი თანამშრომლის ნაკვეთიც მათ „მიღობილშია“ მოქცეული და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ის პიროვნებაც აპირებს თავისი უფლებების სამართლებრივად დაცვას.

 

მოკლედ, მე ეს არ მიხარია, მაგრამ ვშიშობ, მამუკას ისე გამოუვა, როგორც ერთ ჭკუის სასწავლებელ ქართულ ანდაზაშია ნათქვამი – თაგვმა თხარა, თხარაო…

 

– და მაინც, როცა კონკრეტიკაა, საუბარია სულ რაღაც 506 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთზე, რომლის საბაზრო ღირებულებაც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით შეადგენს არასრულ 22,000 ლარს.  ღირს კი ეს თანხა, იმად, რომ მასზედ საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა სასამართლოს გზით  იდავონ?

 

– კიდევ ვამბობ, ეს არ არის ჩემი არჩევანი და მთავარი ამ დავაში, იოლად მიხვდება ყველა, არის არა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ან მისი ღირებულების შესაბამისი თანხა, არამედ ის აგდებული და ყოვლად უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც ხაბარელებმა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეს. არადა, მე მართლა ძალიან სამწუხაროდ ვარ გაოცებული, რადგან შოთას შორიდან, მამუკას შედარებით უფრო ახლოს ვიცნობდი და ამ ამბამდე, ვერც კი დავუშვებდი,  რომ ხაბარელებს შეეძლოთ  თავის ასეთი ნეგატიური კუთხით წარმოჩენა. მათი მხრიდან, საკითხთან დაკავშირებით, ჩემი იგნორი და აგდება ადამიანურად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.

 

– რა მოლოდინი გაქვთ სასამართლო დავისგან?

 

– სასამართლოსგან, რა თქმა უნდა, არ ველი, რომ ხაბარელებს ნაცნობ-მეგობრებთან და ზოგადად, ზნეობრივად მოქცევას დავალებს, – ვხუმრობ, რასაკვირველია. ხუმრობის გარეშე კი დარწმუნებული ვარ, სასამართლო შეძლებს და დადგება გავლენებზე მაღლა (იმედი მაქვს, პარლამენტარის მანდატი სასამართლო ინსტიტუციისთვის ჭეშმარიტებაზე მაღლა ვერ დადგება…) და საკითხს გადაწყვეტს სამართლებრივი შესაბამისობიდან გამომდინარე.

 

საკითხი კი უმარტივესია –  დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ვფლობ მიწის ნაკვეთს კონკრეტული საკადასტრო კოდით და რეალურად დღეს ეს კოდი გადაფარული აქვს  სხვა კოდს, რომელიც მამუკა ხაბარელს ეკუთვნის, და იქ დგას სახლი და გაშენებულია ჩვეულებრივი შინამეურნეობა. დღემდე არსად ჩანს დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე არის ეს მომხდარი. ნათელი ფაქტია, რომ მე მომადგა მატერიალური ზიანი, დარმუნებული ვარ, ამ ნათელ ფაქტს სასამართლოც დაადასტურებს და ამ ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.


bfm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up