ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობის გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრებმა აეროპორტში მისვლა დააგვიანეს.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი დაგვიანებით გამოცხადდა, როდესაც ბერლინის რეისზე რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. სწორედ ეს გახდა მგზავრების ქუთაისში დარჩენის მიზეზი.
„ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ WIzz Air-ი დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი,“ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.