ფინანსთა მინისტრი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, არსებული მექანიზმი ქვეყნის გამოწვევებს სრულად პასუხობს.
„დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტებს, რაც არის საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შესაძლოა იყოს საუბარი, დღეს ამის საჭიროება არ არის“,- განაცხადა მინისტრმა.
სამაგიეროდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.
როგორც პრეზიდენტმა მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას, მოლდოვას პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.
„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა.
ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.