თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
„მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.
ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ,“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.