იმიგრაცია დიდი ხანია შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ფეხბურთია. Covid-ის პანდემიის შემდეგ თითქმის 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუშახელის დეფიციტს ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ აშშ-ს საკმარისი რაოდენობის იმიგრანტი ჯერ კიდევ არ ჰყავს.
იმიგრანტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს ეკონომიკისთვის, რადგან ისინი იმ ათასობით სამუშაო ადგილს ავსებენ, რაზეც თავად ამერიკელები უარს ამბობენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ლეგალური საიმიგრაციო ვიზების დამუშავება შეჩერდა და აღნიშნული მხოლოდ 2021 წლის ბოლოს განახლდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის, დევისის ახალი კვლევის თანახმად, გასული წლის ბოლოს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2 მილიონით ნაკლები სამუშაო ასაკის იმიგრანტი იყო, ვიდრე იქნებოდა, თუ პანდემიამდელი მიგრაცია უცვლელად გაგრძელდებოდა. როგორც თავად კვლევის ავტორი ჯივანი პერი ამბობს, მუშახელის დეფიციტის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ იმიგრანტებია.
„იმიგრაციის ჩაძირვისა და პანდემიის დროს სიკვდილიანობის მატების ერთობლიობამ, დაახლოებით მილიონ-ნახევარი მუშახელი დაგვაკარგვინა“, - ამბობს ჯოვანი პერი.
ლეგალური იმიგრაციის შემცირებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დააზარალა ამერიკული ბიზნესიც. განსაკუთრებით მრეწველობის დარგი (მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და სტუმარ-მასპინძლობა), რომელიც მოითხოვს დაბალკვალიფიციურ მუშახელს. UC Davis-ის კვლევის თანახმად, ამ ტიპის ინდუსტრიებს გასულ წელს შეუვსებელი ვაკანსიების უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, რასაც უკვე არსებული დეფიციტიც დაემატა. შედეგად, ამჟამად აშშ-ში 10.3 მილიონი ღია სამუშაო ადგილია - 377 000 მშენებლობაში და 1.6 მილიონი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. ეს რიცხვი ბოლო თვეებში მატულობს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლობის სექტორში დასაქმებული მიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა იყრიდა თავს. კერძოდ, ამ სექტორში სამუშაო ძალის 30%-40% სწორედ უცხოეთში იყო დაბადებული.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახა მომსახურების ხარისხზეც. ასე მაგალითად, სარესტორნო ინდუსტრიაში შეიმჩნევა შედარებით ნელი ტემპის მომსახურება, ლანჩის დროს რესტორნების ნაწილი დაკეტილია, რასაც ემატება გაზრდილი ფასები. ეროვნული ასოციაციის თანახმად, რესტორნების ოპერატორების 60% აწყდება პერსონალის დეფიციტს, რაც ზღუდავს მათ საოპერაციო შესაძლებლობებს.