ამერიკელები მდიდრებად, საშუალოდ, 2,2 მლნ დოლარზე მეტი ქონების მეპატრონე თანამოქალაქეებს მიიჩნევენ. ამის შესახებ ფინანსური კომპანია Charles Schwab-ის ყოველწლიურ კვლევაში წერია.
კვლევის თანახმად, ინფლაციამ ამ მონაცემებეზეც იქონია გავლენა, რადგან ერთი წლის წინ, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, აშშ-ში მდიდარ ადამიანად 1,9 მლნ დოლარზე მეტი ქონების მქონე პირი ითვლებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმდიდრის ბარიერი, წინა წელთან შედარებით, 16%-ით, 1,9 მილიონიდან 2,2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
დიდ ქალაქებში სიმდიდრის ბარიერი გაცილებით მაღალია. ამ მხრივ ლიდერი სან-ფრანცისკოა, სადაც მრავალი მსხვილი IT კომპანიის სათაო ოფისი არის განთავსებული. ეს ქალაქი ნიუ იორკსა და ვაშინგტონს სერიოზული სხვაობით უსწრებს.
სან-ფრანცისკოში მდიდრად ითვლება მხოლოდ ის პირი, ვისი აქტივებიც, ვალდებულებების გამოკლებით, მინიმუმ, 5,1 მლნ დოლარს შეადგენს. ვინც 1,7 მილიონ დოლარზე მეტი ქონების მფლობელია, თანამოქალაქეებისთვის ის მდიდარი კი არა, მხოლოდ „კომფორტულად“ მცხოვრებია.
სამხრეთ კალიფორნიის (ლოს ანჯელესისა და სან დიეგოს ჩათვლით) სიმდიდრის ზღვარი 3,9 მლნ დოლარს, ნიუ იორკის 3,4 მლნ დოლარს, ხოლო ვაშინგტონის სიმდიდრის მაჩვენებელი 3,3 მლნ დოლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ბარიერი დაფიქსირდა დენვერში, სადაც სიმდიდრის ზღვარი 2,3 მლნ დოლარია.
გამოკითხვა თებერვლის დასაწყისში ჩატარდა და თითოეულ ქალაქში 500-750 რესპონდენტი გამოიკითხა.
bpn.ge