2021 წლის ნოემბერში აშშ-ში წლიური ინფლაცია 6,8%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ოქტომბერში 6,2% იყო. თვიურ გამოხატულებაში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 0,8%-ით.
ექსპერტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ინფლაცია ნოემბერში 6,7%-ს შეადგენდა. შედეგად კი გასულ თვეს შტატებში დაფიქსირებული ინფლაცია ყველაზე დიდია 1982 წლის შემდეგ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნოემბერში შტატებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ბენზინზე, საცხოვრებელზე, კვების პროდუქტებსა და სატრანსპორტო მომსახურებაზე.
უკვე ზედიზედ 6 თვეა შტატებში წლიური ინფლაცია 5%-ს აღემატება. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ასეთი ზრდა მოიტანს იმას, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, დაგეგმილზე ადრე დაასრულებს სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის პროგრამას და გაზრდის საბაზისო საპროცენტო განაკვეთს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ეს ციფრები ასახავს წნეხს, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ მსოფლიოს ეკონომიკები გლობალური პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ დაფიქსირებული გაზრდილი ფასების გამო“.
„ფასების ზრდა შენელდება, თუმცა, არც ისე მალე, ვიდრე ვისურვებდით. აშშ-ის ეკონომიკა ისევე როგორც მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები პანდემიამ დაცალა, თუმცა, ახლა ამერიკის ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე სწრაფად იზრდება. ამასთან ჩვენი მიზანია მოხდეს ფასების დაწევა, სანამ ეკონომიკურ ზრდას იგრძნობს მოსახლეობა. ეს არის ჩემი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი,“ - განაცხადა მან.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"