ამერიკელებმა 2021 წელს დოღში 12,2 მლრდ დოლარზე მეტი დადეს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული პორტალი Новое Время ავრცელებს.
ფსონების რაოდენობა მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც სუფთა ჯიშის ცხენების დოღის, Triple Crown-ის სერიის განრიგი აღდგა: მხოლოდ ერთ წელიწადში 33,5 ათასზე მეტი რბოლა გაიმართა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.
ეროვნული დოღის ასოციაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ რუნიმ განაცხადა, რომ 12 მლრდ დოლარზე მეტი ფსონების ოდენობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რბოლაში მონაწილეთა საპრიზო თანხა 1,18 მლრდ დოლარი იყო, რაც, ასევე, 300 მლნ დოლარით მეტია 2020 წელთან შედარებით.
„2022 წელს ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებში ჯიშიანი დოღის ახალი ეპოქის დადგომას, რაც დოღის წესიერებისა და უსაფრთხოების კანონის მიღებით დაიწყება და რაც ამერიკის ამ უძველეს სპორტში ცხენების უსაფრთხოებას გააუმჯობესებს,“ - აცხადებს ტომ რუნი.
სპორტის ამ სახეობაში დაგეგმილი ახალი რეგულაციების მიზანია, ცხენებისა და მხედრების სიკვდილიანობა, ასევე, ინდუსტრიაში დოპინგის გამოყენება აიცილოს თავიდან.
ცოტა ხნის წინათ აშშ-ის კონგრესმა საფოსტო სამსახურს მოუწოდა, სპორტულ ბრძოლებში მონაწილე ცხოველების ტრანსპორტირების აკრძალვას მეტი ყურადღება დაუთმოს.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Animal Wellness Action-ის მონაცემებით, შეერთებული შტატებიდან ყოველწლიურად ათასობით მებრძოლი მამალი იგზავნება საზღვარგარეთ. ასეთი მიზნებისთვის ცხოველების ტრანსპორტირება შესაძლოა, აშშ-ში აიკრძალოს.
BPN.GE