სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინეს.
დოკუმენტში შეტანილია სერიოზული შეზღუდვები, რომლებიც იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. დარტყმის ადრესატები იქნებიან რუსეთის მთავრობის პირველი პირები, უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციები.
შეზღუდვები დაუწესდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, „სბერბანკს“, „ვითიბი“-ს, „გაზპრომბანკს“, „ვნეშეკონომბანკ“-ს, პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მოსკოვის საკრედიტო ბანკს, „ალფა-ბანკ“-ს და რუსეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს. ასევე პროექტში გათვალისწინებულია რუსეთის ფინანსური სისტემისთვის „ინფორმაციის გაცვლის სპეციალიზებულ საშუამავლო ორგანიზაციებთან“, ანუ SWIFT-თან წვდომის აკრძალვა.
ასევე კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, მიიღოს ყველა საჭირო ზომები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების წინააღმდეგ და ასევე რუსეთში წიაღისეულის მოპოვების ტექნიკური ხელშეწყობის და ექსპორტის შეზღუდვისთვის.
დოკუმენტის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ უფრო მჭიდო თანამშრომლობას ბალტიის ქვეყნებთან, ვლადიმირ პუტინის და მისი უახლოესი გარემოცვის აქტივების გასაჯაროობას.
კანონპროექტის ინიციატორის, დემოკრატი სენატორის რობერტ მენენდესის თქმით, პროექტის მიზანია მოსკოვის დაშინება და უკრაინის საზღვარზე ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული თეთრი სახლის ნაბიჯების მხარდაჭერა.
„რადგანაც ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ახალი სისხლიანი ესკალაციის თავიდან არიდების დიპლომატიურ შესაძლებლობებს ეძებს, ეს კანონი არის რუსეთისადმი მკვეთრი სიგნალი, რომ მაშინ, როდესაც მოსკოვი განმეორებითი შეტევით იმუქრება, აშშ გულხელდაკრეფილი არ იჯდება“, - განაცხადა მენენდესმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ემილი ჰორნმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მხარ უჭერს რობერტ მენენდესის კანონპროექტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს.
პარალელურად რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა წარადგინა კანონპროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ, თუმცა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტია პროექტს მხარს არ უჭერენ.
ემილი ჰორნის თქმით, „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მიმართ შეზღუდვები უნდა იყოს შემოღებული მხოლოდ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევის შემთხვევაში.
„რაც შეეხება ტედ კრუზის ინიციატივას, ის ესკალაციას ხელს უწყობს და აშშ-ს, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს ართმევს. თანაც, ეს შესაძლოა მოხდეს იმ მომენტში, როდესაც ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან“, - განაცხადა ჰორნმა.
მენენდესის პროექტს მიღების საკმაოდ მაღალი შანსები აქვს, რადგანაც მას არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების დიდი ნაწილიც უჭერს მხარს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციები საკმარისად ძლიერი და ეფექტური არ იქნება.
The Washington Post-ის კოლუმნისტის ჯორჯ უილის აზრით, დროა ამერიკამ შეწყვიტოს რუსეთის ამბიციების არასათანადოდ შეფასება და უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას - კერძოდ, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებაში და თავისი შეიარაღებული ძალების უკრაიასთან რაც შეიძლება ახლოს განათავსოს.
Kommersant.ru