ამერიკული ავიაკომპანია Delta Air Lines-ი არავაქცინირებულ თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევისთვის ყოველთვიურად დამატებით 200 დოლარს გადაახდევინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა აუცილებელია, რადგან კორონავირუსით ინფიცირების გამო თანამშრომლის საავადმყოფოში ყოფნა ავიაკომპანიას 40 000 დოლარი უჯდება.
აღმასრულებელი დირექტორის, ედ ბასტიანის თქმით, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ვირუსის გამო საავადმყოფოში მოხვდა, სრულად აცრილი არ იყო.
გარდა ამისა, 12 სექტემბრიდან არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველ კვირას კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევთ, თუმცა ტესტირების ხარჯებს ავიაკომპანია დაფარავს.
„ეს დამატებითი გადასახადი აუცილებელი იქნება იმ ფინანსური რისკის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ჩვენს კომპანიას არავაქცინირების გადაწყვეტილება უქმნის“, - აღნიშნა ედ ბასტიანმა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Delta Air Lines-ის თანამშრომელთა 75% ვაქცინირებულია.
imedinews.ge