„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, მაგრამ - სრულად მართვადი. ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც, 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, რაც, რა თქმა უნდა, მაღალია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კოვიდინფექციის გამოვლენის, დადებითობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია და, შესაბამისად, ტესტირებაც გაფართოებულია.
„ბოლო 30 დღის განმავლობაში, დღეში 60 ათასამდე ტესტი ტარდება და დღეს 73 000-ის ფარგლებშია. ანუ, რიგების მიუხედავად, ხელმისაწვდომობა არის. 210 000 აქტიური შემთხვევაა და ეს იმართება. ჯერჯერობით, მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე მოდის. ჰოსპიტლებში, შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის. სულ, 6 000 ადამიანია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge