„რადგან, ამ ეტაპზე, სკოლის მოწაფეებსა და პერსონალში ინფიცირების პროცენტი ისეთი მაღალი არ არის, 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ, ჯერჯერობით, სკოლებს არ შევეხოთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“, სკოლებში არსებულ ეპიდვითარებასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის დროს, სკოლებთან დაკავშირებით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება განათლების სექტორს დიდ ზიანს აყენებს.
„საერთო შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ უკვე ყველა ქვეყანა ერიდება მძიმე შეზღუდვებს, განსაკუთრებით - სკოლებთან მიმართებით. უკვე ჩამოყალიბებული სლოგანია, რომ, პანდემიის დროს, სკოლა უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა, ძალიან დიდი ზიანი მიადგა განათლებას, განსაკუთრებით - სასკოლო განათლებას. მოგეხსენებათ, საქართველოში ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმი გვაქვს - მშობლებს შეუძლიათ, აირჩიონ, ბავშვი სკოლაში ატარონ ან ონლაინრეჟიმში ჰყავდეთ. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი რეჟიმია. რადგან, ამ ეტაპზე, სკოლის მოწაფეებსა და პერსონალში ინფიცირების პროცენტი ისეთი მაღალი არ არის, 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით, სკოლებს არ შევეხოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge