ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს.
,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის კანონმდებლობის საფუძველზე, მაგრამ რეალურად არაფერი გამოდის. რამდენიმე ერთეულს თუ ამოიღებენ, პარალელურად ჩანაცვლებაც ხდება, ძალიან უმართავი პროცესია. ამიტომ ეს ბრძოლაც, მოჩვენებითი თუ არა, ნაკლებად რეალურია. მიუხედავად ამისა, გარკვეული პროტესტი შინიშნება მაინინგის მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში, ამას ვერ უარვყოფ, ვინაიდან ელექტროენერგიის დიდი პრობლემაა, ამას იქ ყველა აცნობიერებს. რამდენადაც ჩემთვის აფხაზური წყაროს მხრიდან არის ცნობილი, ბოლო პერიოდში ჯამში 1300 ერთეული მაინერი არის ამოღებული. ენერგეტიკაში თუ გადავიყვანთ, ეს არის დაახლოებით 300 კვტ/სთ დადგმული სიმძლავრე ანუ აფხაზეთის საერთო მოხმარების 5-7%, რაც პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს“, - აცხადებს გია არაბიძე ,,კომერსანტთან“.
ენერგეტიკოსის შეფასებით, აფხაზეთში ენერგომოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანია გადახდისა და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, რა მხრივაც დიდი პრობლემაა.
,,როგორც არ უნდა ებრძოლონ მაინინგს, ამ ბიზნესს აფხაზეთში იმხელა ლობი ჰყავს, რომ ხელის ერთი მოსმით ვერაფერს გახდებიან. პრობლემა კი სულ იქნება, სანამ გადახდის და აღრიცხვის საკითხს არ მოაგვარებენ. მაინინგთან დაკავშირებით კანონიც მიიღეს, ინტერნეტის მომსახურებაზე შეზღუდვები დააწესეს, აქტიურად მიდის მუშაობა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. მეეჭვება აქედან რამე გამოვიდეს, დრო გადის და უფრო და უფრო იზრდება ქართულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რაც რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ ვითარებას აუარესებს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვებაზე არავითარი რეგულაციები არ ვრცელდებოდა. 2018 დე-ფაქტო ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მომპოვებლებს, მაინერებს, საქმიანობა აუკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტას ძირითადად მმართველი ელიტა მოიპოვებს. ლაპარაკობენ ასევე რუსი ბიზნესმენების ჩართულობაზე, მაგრამ ბრალდებების მთავარი სამიზნე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი გარემოცვაა.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგ აპარატურის იმპორტს კრძალავს, კრიპტო მაინინგის მოწყობილობების დაახლოებით 40% იქნა ამოღებული. ამის შესახებ დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალიას ლაბახუამ განაცხადა.
მისვე ინფორმაციით, 2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში 66 857 მაინერი შევიდა, ხოლო 27 124 ერთეული, დაახლოებით 40% გავიდა.
თავის მხრივ, დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ ხეციამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტიდან საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუს გასწვრივ, კრიპტოვალუტის მოპოვების 63 ერთეული ტექნიკა ამოიღეს.
მარი ჩიტაია