„რა თქმა უნდა დანებებას არ ვაპირებთ, უახლოეს ორ თვეში გადაწყდება ჩვენი მხრიდან სასამართლო დავის წამოწყების ვადები“ - ამის შესახებ „კომერსანტს“„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
„სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს აპირებენ ტენდერის გამოცხადებას. დანებებას რა თქმა უნდა არ ვაპირებთ, უბრალოდ COVID19-ისა და კრიზისის გამო გადავწყვიტეთ, რომ დროებით გადაგვედო დავა. როგორც კი უფრო უპრიანი იქნება, მაშინ გადავწყვეტთ სასამართლო დავის წამოწყებას და ამის შესახებ საზოგადოებასაც ვამცნობთ. სავარაუდოდ, ორ თვეში ეს საკითხი გადაწყდება,“-განმარტა ლევან ახვლედიანმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის წამოწყების შესახებ კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა დააანონსა, თუმცა პანდემიის გამო პროცესი დროებით გადაიდო.
თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს და ახალი ტენდერის გამოცხადებას აანონსებს.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი იყო და რჩება პრიორიტეტად. როგორც თურნავა აცხადებს, ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ის და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება.
მარიამ მორგოშია