„ანაკლიის პროექტის გაჩერებით, ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მისი პოლიტიკური როლის გაძლიერების საშუალება. ამ პროექტის გაჩერებით ხელისუფლებამ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები განახორციელა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია და უნდა აშენდეს.
„ეს პროექტი არის სიცოცხლისუნარიანი და აშენდება, მაგრამ აშენდება არა ამ ხელისუფლების მიერ, არამედ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის სამსახურზე, ქვეყნის სამსახურზე და არა პირად ინტერესებზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.