თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„პანდემიას თანასწორობითა და სამართლიანობით უნდა დავუპირისპირდეთ. გასული წლის შემოდგომაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სტრატეგია გამოაქვეყნა, რომ თითოეულ ქვეყანაში წლის ბოლომდე მოსახლეობის 40% უნდა აეცრათ, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის - 70%. ახლოსაც არ ვართ ამ მაჩვენებლებთან. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები შვიდჯერ მეტია, ვიდრე აფრიკის ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება ვაქცინის თანასწორობა. ყველა ქვეყანამ და ყველა მწარმოებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ვაქცინის მიწოდებას COVAX-ისთვის და მხარი დაუჭიროს ტესტების, ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის. თითოეულ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მონიტორინგში, ადრეულ გამოვლენასა და სწრაფი რეაგირების გეგმებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი გავაძლიეროთ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
imedinews.ge