„მიმდინარე წელს კაფეტერიის გახსნას ვგეგმავთ, რომელიც „ანტრეს“ მსგავსი იქნება, მაგრამ არც ისეთი ძვირადღირებული. ჩვენთან ხარისხი ფასის შესაბამისი იქნება და ვფიქრობ „ანტრეს“ გავუწევთ კონკურენციას“, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქეითერინგ კომპანია ETG GROUP-ის დამფუძნებელმა გიორგი საღინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს კაფეტერიებზე ბოლო დროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„მსგავს კაფეტერიებზე მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში და ამიტომ ვგეგმავთ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გახსნას. შუალედურ რგოლზე ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, რომელიც არის რესტორანსა და საცხობს შორის. სტანდარტული სწრაფი კვების ობიექტებისგან განსხვავებული, ვიზუალურად უფრო დახვეწილი და კომფორტული ინტერიერი იქნება, სადაც ადამიანს, მაგალითად შესვენების დროს საშუალება ექნება ხარისხიანი საკვები, შესაბამის ფასად მიირთვას“, — განმარტავს გიორგი საღინაძე.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ობიექტის გახსნა იგეგმება, რომლისთვის 100 000 ლარის ინვესტიციის მოძიებაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ქსელური კაფეტერიების გახსნასაც არ გამორიცხავს.