Apple აპირებს, დაარეგისტრიროს რამდენიმე სავაჭრო ნიშანი საკვანძო სიტყვით Reality, რაც მიგვანიშნებს, რომ კომპანია გეგმავს ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შექმნას, რომლის პრეზენტაცია 2023 წელსაა დაგეგმილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კოსტა-რიკის და ურუგვაის პატენტების ბიუროებში კომპანიის განაცხადებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ მოწყობილობებს ექნებათ ვირტუალური და დამატებითი რეალობის ტექნოლოგია. შედეგად კი კომპანია კონკურენციას გაუწევს Meta Platforms Inc.-ს, რომელიც დღეისათვის გახლავთ ლიდერი ამ მიმართულებით.
კომპანიამ განაცხადები შეიტანა სახელებზე Reality One, Reality Pro და Reality Processor. როგორც სააგენტო აღნიშნავს, პროდუქციის საბოლოო სახელი შესაძლოა, დარჩეს სიტყვა Reality. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა ბოლოს ახალი მოწყობილობა 7 წლის წინ წარმოადგინა. ეს იყო სმარტ-საათი Apple Watch.