Apple-მა რუსეთში App Store-ზე რეკლამირება შეაჩერა. კომპანიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერებს ძიების შედეგებში რეკლამის განთავსება აეკრძალებათ. ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.
„რუსეთში App Store-ზე გაშვებული Apple Search Ads-ის ყველა კამპანია შეჩერებულია და არც ერთი ახალი კამპანია არ ამოქმედდება სერვისის შეჩერების პერიოდის განმავლობაში“,- ნათქვამია დეველოპერებისთვის გაგზავნილ მეილში.
სერვისი Search Ads რუსეთში 2020 წლის მაისში ამოქმედდა.
გადაწყვეტილება კომპანიის მიერ რუსეთში გაყიდვების შეჩერებას მოჰყვა, რომლის შესახებაც iPhone-ის მწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ კომპანიამ ასევე App Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ წაშალა RT News და Sputnik News აპლიკაციები, შეაჩერა ექსპორტი ქვეყანაში და შეამცირა Apple Maps ფუნქციები უკრაინაში.
Alphabet-ის Google-მა და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ბოლო დღეების განმავლობაში.
წყარო: Bloomberg, businessformula.ge