კომპანია Apple წარმოების ჩინეთიდან ინდოეთში გადატანას განიხილავს, მიზეზი მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფაა. ჩინეთი კვლავ კორონავირუსის გავრცელებისა და ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დგას და მაღალია გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა განაცხადა, რომ კალიფორნიულ კომპანიას სურს გაზარდოს თავისი წარმოება ინდოეთში.
„Apple უკვე აწარმოებს თავისი პროდუქციის 5%-დან 7%-მდე ინდოეთში. როგორც ვიცი, ისინი მიზნად ისახავენ მათი წარმოების 25%-მდე გაზრდას,” - აღნიშნა პიუშ გოიალმა.
გარდა ამისა, Apple-ის მთავარი მიმწოდებელი, კომპანია Foxconn ცდილობს გააფართოვოს თავისი ოპერაციები ინდოეთში მას შემდეგ, რაც ჩინეთში მიწოდების ჯაჭვს საფრთხეები შეექმნა. გასულ წელს პეკინის ნულოვანმა კოვიდ სტრატეგიამ ამერიკული გიგანტი მნიშვნელოვნად აზარალა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ინდოეთი, რომელსაც წელს ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი ეკონომიკა ექნება მსოფლიოში, შეინარჩუნებს ამ მუხტს, ის შეიძლება გახდეს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც 2035 წლისთვის 10 ტრილიონი დოლარის მშპ ექნება.