2022 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური ზრდა 7.5% იყო (-0.4% თ/თ), წინა თვის 11.0%-იანი ზრდის შემდეგ, და 43.2 მლრდ ლარი შეადგინა - ინფორმაციას გალტ & თაგარტი კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში ავრცელებს.
ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ აპრილში 17.9% შეადგინა (+1.4% თ/თ), მარტის 18.0%- იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, აპრილში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მცირედით, 15.8%-მდე შენელდა, წინა თვის 16.2%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 19.9% შეადგინა (+19.8% წ/წ იყო წინა თვეში). ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.5% იყო აპრილში, წინა თვის 13.6%-იანიზრდის შემდეგ.
კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, შემცირებულია დოლარიზაციის მაჩვენებელიც და 2022 წლის აპრილში სესხების დოლარიზაცია 49.6%-მდე შემცირდა (-5.80პპ წ/წ და -0.70პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხებმა 1.9% (-0.32პპ წ/წ და +0.12პპ თ/თ) შეადგინა.
ასევე, აპრილში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა, 13.6%-მდე შენელდა.
,,საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 14.1%-მდე დაჩქარდა 2022 წლის აპრილში, წინა თვეში დაფიქსირებული 9.2%-იანი ზრდის შემდეგ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით და 37.2 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, აპრილში ლარისდეპოზიტების წლიური ზრდა, მცირედით, 13.6%-მდე შენელდა (+13.9% წ/წ წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.5%-მდე დაჩქარდა(+6.5% წ/წ წინა თვეში). ამასთან, აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციამ 59.5% შეადგინა (-3.28პპ წ/წ და +0.08პპ თ/თ) - ნათქვამია გალტ & თაგარტის ყოველკვირეულ ანგარიშში.