„შეიქმნას სააქციო საზოგადოება - აქციების ნაწილის შეძენის უფლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეებს, ნაწილი კი უცხოურ საფონდო ბირჟებზე განთავსდეს,“ - ასე ეხმაურება იურისტი ლევან ალაფიშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ საკითხს. მისი თქმით ანაკლიაზე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ჯერ კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა.
„კომერსანტი“ იურისტის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ანაკლიაზე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ჯერ კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა.
კანონის მიღების მერე:
ფუძნდება სააქციო საზოგადოება და მთავრობა გადასცემს ქონებას;
მთავრობა იტოვებს 1 საკონტროლო ე.წ. ოქროს აქციას რომლის პრივატიზება აიკრძალება კანონით.
დარჩენილი აქციების ნახევრის შესყიდვის უპირატესობა გადაეცემა საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა საპენსიო დანაზოგის გამოყენებითაც.
დარჩენილი აქციების ნახევარი განთავსდეს უცხოურ საფონდო ბაზრებზე.
ანაკლია ეროვნული, სახალხო პროექტი უნდა იყოს.
პროცესის გამჭვირვალობა და მოსახლეობის ჩართულობა გადააზღვევს მრავალ, უსაფრთხოების, კორუფციისა თუ სხვა პოლიტიკურ რისკებს,“- წერს ალაფიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.