კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის, აქტივებზე უკუგებით კი ლიდერად ისევ თიბისი რჩება. 2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 2,877,676,706 ლარს შეადგენს, თიბისის - 3,126,561,109 ლარს. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 25,998,517,401 ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები კი 26,243,256,019 ლარს.
კაპიტალზე უკუგებით (ROE) 31.93%-ით საქართველოს ბანკი ლიდერობს, თიბისისთვის ის 30.36%-ია, აქტივებზე უკუგებით (ROA) კი 4.13%-ით ლიდერი თიბისია, საქართველოს ბანკის ROA 3.66%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ინვესტორი 100 ლარის კაპიტალზე 31.9 ლარის მოგებას იღებს, თიბისის - 30 ლარს.
2022 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, TOP 5 ბანკის ROA და ROE ასეთია:
საქართველოს ბანკი - ROE 31.93%, ROA 3.66%;
თიბისი ბანკი - ROE 30.36%, ROA 4.13%;
პროკრედიტ ბანკი - ROE 18%, ROA 3%;
ბაზისბანკი - ROE 17.62%, ROA 2.19%;
ლიბერთი ბანკი - ROE 14.92%, ROA 1.63%.
წმინდა მოგების, შემოსავლის თუ დაკრედიტების გარდა, ბანკების მომგებიანობას ეს ორი კოეფიციენტიც განსაზღვრავს და ადგენს, თუ რამდენს გამოიმუშავებს ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყოველ ლარზე.