უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება:
„6 იანვარი. საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში. ბავშვები ცივ თავშესაფრებში. ხერსონში სახანძრო სადგური დაბომბეს. ეს არის რუსული „ზავის“ არსი. ზურგში დარტყმა, დუმილის რეჟიმის იმიტაცია.
ასე რომ არასოდეს...
არასოდეს მიიღოთ სერიოზულად რუსეთის სიტყვები. ეს ყოველთვის პრიმიტიული, ცინიკური ტყუილია,“ - წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.
6-7 იანვარს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელთა ნაწილი შობას აღნიშნავს, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ საინფორმაციო ოპერაციას უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის შელახვაა.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს საშობაო პაუზა ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს.