არავინ დგას კანონზე მაღლა, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე, როგორც მათი უშუალო მონაწილე, ასევე როგორც ლიდერი, რომლის ქვეშევრდომებმა, მისი თანხმობით თუ მისი ნების დართვით ჩაიდინეს ეს დანაშაულები.