რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა სანდრო ურუშაძემ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვაზე, სამედიცინო პერსონალზე, როგორც ადამიანურ და ინტელექტუალურ კაპიტალზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელი ადამიანი მთავარია ეკონომიკისთვის და ბევრი მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება დამოკიდებულიც კი იყოს ჯანდაცვაზე.
„ჯანმრთელი ადამიანი მთავარია ეკონომიკისთვის. სამედიცინო სფეროს ეკონომიკისგან იზოლირებულად უყურებენ. ბევრი მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება დამოკიდებულიც კი იყოს ამ სფეროზე. კოვიდის პერიოდი გავიარეთ და დავინახეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სისტემას იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა და სოციალურის სფერო არ ჩამოინგრეს“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.
მისი თქმით, ექიმების დამორჩილება უნდათ ხოლმე მთავრობებს. ეს ნამდვილად არ არის ის, რაც უკეთეს ჯანდაცვის სისტემას აგვაშენებინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებსა და ექიმებს, პაციენტებსა და მთავრობებს შორის არსებობდეს ნდობა და პატივისცემა.
„ექიმების დამორჩილება უნდათ ხოლმე მთავრობებს. ეს ნამდვილად არ არის ის, რაც უკეთეს ჯანდაცვის სისტემას აგვაშენებინებს. არსებობს 2 გზა: კონფრონტაციული, როცა სახელმწიფოს უნდა, რომ დომინანტური იყოს და მეორე - პატივისცემის გზა, იმისათვის, რომ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ. ეს ყოველთვის გვაკლდა ბოლო წლებში. ექიმების დიდი ნაწილი იყო გაუცხოებული იმ გადაწყვეტილებებისგან, რაც ჯანდაცვის სისტემაში ხდებოდა“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.
მისი თქმით, არც ერთმა ჩინოვნიკმა არ იცის იმაზე მეტი, ვიდრე ექიმმა, რომელიც პაციენტს ესაუბრება. ამიტომ, ჩინოვნიკებმა და სახელმწიფო მოხელეებმა ექიმებს უნდა მოუსმინონ.
„სამინისტროს და მთავრობას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი, როგორც აქვს ექიმს. ხარჯების და მოთხოვნის მთავარი გენერატორი მაინც ექიმია, რომელიც პაციენტს ხვდება. ექიმი რომ გასინჯავს პაციენტს, გაგზავნის გამოკვლევაზე, დაუსვამს დიაგნოზს და გამოუწერს წამალს ეს არის ის, რის შედეგადაც გენერირდება მთავარი ხარჯები. ამიტომ, როცა ექიმებს არა აქვთ საშუალება, რომ თავისი აზრი თქვან, როცა ექიმებს არ უსმენენ და მათ შეხედულებებს არ ითვალისწინებენ, არასწორია“, - აცხადებს ანდრია ურუშაძე.
მისთვის გაუგებარია რატომ აქვს პაციენტს შეზღუდული არჩევანის უფლება და რატომ ეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ოპერაციისას თუნდაც განსხვავებული ენდოპროთეზის მოთხოვნისას.
„თუ არსებობს პაციენტის სურვილი, რომ უკეთესი ხარისხის ენდოპროთეზი გამოიყენოს, არა ის, რომელზეც სახელმწიფომ უთხრა, რომ ეს უკეთესია, მაშინ ის მთლიანად ვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ეს არ მესმის. ამას გარდა, არ მგონია რომ ფინანსური წლის შუა პერიოდში სწორი იყოს ასეთი ცვლილებების დანერგვა,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.