რა მოლოდინებია საქართველოში ავტომობილების ბაზართან დაკავშირებით და გადავსებულია თუ არა საქართველოს ავტოპარკი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა თათია მამრიკიშვილმა ისაუბრა.
როგორც ახალ, ასევე მეორადი მანქანების ბაზარზე ვხედავთ განვითარების შესაძლებლობას. ჩვენთან ხშირია მითქმა-მოთქმა, რომ ძალიან დიდი 1.5 მილიონიანი ავტოპარკი გვყავს ჩვენი მოცულობის ქვეყნისთვის და სადღაა ზრდის შესაძლებლობა, თუმცა ჩვენი კვლევით გამოჩნდა, რომ ეს ასე არაა, ყოველ 1000 მოსახლეზე თუ შევხედავთ ავტომობილების რაოდენობას მკვეთრად, თითქმის 2-ჯერ ჩამოვრჩებით იგივე ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ჩვენთან ავტომობილები ძირითადად კონცენტრირებულია თბილისში და ეს არასწორ აღქმას ქმნის რაოდენობასთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით არც ისე ბევრი ავტომობილი გვყავს.
ხშირად არის მოსაზრება, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდება ხელს შეუშლის ავტომობილების ბაზრის განვითარებას. თუმცა არც ეს მგონია, რომ დიდ განვითარებას იქონიებს, რადგან ევროკავშირში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ამის ფონზეც კი ჩვენზე 2-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავთ, ვიდრე ჩვენ და ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზრდის საშუალება კიდევ გვაქვს, - განაცხადა თათია მამრიკიშვილმა, მან არ გამორიცხა, რომ მოკლე ვადაში მანქანების ბაზრის ზრდის შემაფერხებელი შეიძლება იყოს ევრო 5- ის რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში 2013 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების შემოყვანას ზღუდავს, თუმცა საშუალო ვადიან პერიოდში ამ ბაზარს ზრდის პოტენციალი კვლავ ექნება, განსაკუთრებით რეგიონებში.
თათია მამრიკიშვილის თქმით, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოსალოდნელია 8-9%-იანი ზრდა, რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, აქ უფრო მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან.
„ახალი ავტომობილების მომხმარებლები არიან სახელმწიფო და კორპორატიული სექტორი, ფიზიკური პირების წილი არის შედარებით მცირე . დილერებს აქვთ პოზიტიური მოლოდინები და ელოდებიან 15-20%-იან ზრდას,“- განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.
Galt & Taggart-ის მკვლევარმა ყველაზე პოპულარული ბრენდიც დაასახელა მისი თქმით ადგილობრივ ბაზარზე, როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების მხრივ ყველაზე პოპულარულია ტოიოტა. მას ნახევარზე მეტი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.