აიეტის სასახლე, ღვინისა და რძის შადრევანი, კულტურულ-გასართობი სივრცეები - ეს იმ კომპლექსის ნაწილია, რომლის აშენება საინიციატივო ჯგუფს ზუგდიდის სოფელ ცაიშში სურს.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ბესიკ არახამიას თქმით, მასთან ერთად მუშაობდა ადამიანთა ჯგუფი: ჯიმშერ შეროზია, დათო ჯოლოგუა და ეკატერინე ფოცხვერია, რომელთაც გაუჩნდათ იდეა კოლხურ მოტივებზე პარკის შენებლობის.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კულტურული კომპლექსის მშენებლობას, რომლის კონცეფციას საფუძვლად უდევს მითები არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ.
„ლეგენდის თანახმად, არაჩვეულებრივი სანახავი იყო მეფე აიეტის სასახლე - ქვისაგან გამოთლილ მაღალ სვეტებს სპილენძის ქონგურები ამშვენებდა, ბაღში შადრევნები ჩქეფდა, ერთიდან რძე გადმოდიოდა, მეორედან - სურნელოვანი ზეთი, მესამედან - ღვინო, მეოთხედან - ცივი, ანკარა წყარო. პარკის ცენტრალური ელემენტი იქნება კოლხეთის მეფის აიეტის სასახლე, სადაც განთავსდება ცნობილი ოთხელემენტიანი შადრევანი, რისი ნახვითაც არგონავტები ძალიან მოიხიბლნენ. შადრევანი აფრქვევს ღვინოს, რძეს, ანკარა წყალსა და სურნელოვან ზეთებს. თუ ლეგენდის თანახმად, ძველ კოლხეთში ჩქეფდა ღვინისა და რძის შადრევანი, კოლხეთი არა მარტო მეღვინეობის, არამედ ყველის ქვეყანაც ყოფილა“, - გვითხრა ბესიკ არახამიამ.
პროექტის ანოტაციის მიხედვით, სასახლეში წარმოდგენილი იქნება აიეტისა და მედეას ფიგურები და ძვ.კოლხური ცხოვრების ამსახველი ელემენტები. ის მიახლოებული იქნება იმ აღწერასთან, რომლებიც უძველეს წყაროებში არის მოხსენიებული. სასახლეში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზიც 100 კაცზე. ასევე, შესაძლებელი იქნება კულინარიული VIP მომსახურება "სადილი აიეტთან", სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ შადრევნიდან ღვინის, რძის, ანკარა წყლის დეგუსტაცია. გაცოცხლდება ძველი, კოლხური კულინარიის რეცეპტები.
სასახლესთან ახლოს განთავსდება არგონავტების სახელგანთქმული გემის - “არგოს” იმიტაცია. იქვე ახლოს, ასევე წარმოდგენილი იქნება აიეტის დავალებით, იაზონის მიერ ცეცხლისმფრქვეველი ხარების მეშვეობით მიწის ხვნისა და დრაკონის კბილების თესვის ინსტალაცია. აგრეთვე, შორიახლოს დგას დიდი მუხა, რომელზეც ჰკიდია ოქროს საწმისი და იცავს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი.
პროექტის მიხედვით, ამავე ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, მეგრული ოდა, სადაც გაიყიდება უძველესი მეგრული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინო. მარნის მეორე სართულზე განთავსდება უძველესი სამკურნალო მცენარეების მუზეუმი, სადაც ტურისტებს მიეცემათ საშუალება, თავადაც მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული მცენარეებისაგან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მომზადებაში.
პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ფანჩატური, კულინარიული მუზეუმი, ფრინველთა სადგომი და საჯინიბო ცხენებისთვის. ასევე სივრცეები, უძველესი სპორტული თამაშობებისთვის, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ორთქლმავალი ვაგონით, რომელიც განასახიერებს გერმანელი მეწარმის პორცელის მიერ აბასთუმნიდან სოფელ ხეთამდე რკინიგზის გაყვანის ინსტალაციას. ამ ატრაქციასთან მისული ტურისტი შეძლებს დააგემოვნოს ძველი მეგრული ხილის არაყი, რომლის მასალაც გაჰქონდათ ევროპაში. მატარებელში იქნება იმ ევროპელ მეწარმეთა კუთხეები, რომლებსაც სამეგრელოსთან ჰქონდათ შეხება. მაგალითად, გრაფი როზმორდუკი, რომელსაც ჰქონდა ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა. ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უძველესი მეთოდით აბრეშუმისგან მისთვის სასურველი ნივთი, - ნათქვამია პროექტის ანოტაციაში.
ავტორების განცხადებით, ამ პროექტის ლოკაციად სოფელი ცაიში იმირტომ შეირჩა, რომ აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ნათლად მეტყველებენ უძველესი კოლხური ცივილიზაციის არსებობაზე.
პროექტი განხორციელებისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ინვესტორთან.
კულტურული კომპლექსის შესახებ 15 იანვარს, ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ განაცხადა.
livepress