„ისეთი კომპანიებიც არსებიბენ, რომლებმაც ამ პერიოდში პრივილეგიით ისარგებლეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორც პირდაპირ ასევე ირიბად, სხვადასხვა რეგულაციის ხარჯზე მოკლე დროში ფული იშოვეს“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.
„კომერსანტთან“ საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი სექტორი, რომელიც კორონავირუსს არ დაუზარალებია და პირიქით, მათზე პანდემიამ დადებითად იმოქმედა.
„ეკონომიკა ძალიან ბევრი სექრტორისგან შედგება და პანდემიის შედეგად, დიდმა ნაწილმა იზარალა, ზოგმა უფრო მეტად ზოგმა უფრო ნაკლებად. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც კორონავირუსს არ დაუზარალებია. მაგალითად, ჰიპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები, ის გამონკლისებია, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობდნენ. ასევეა პრივილეგირებული სასტუმროები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მუშაობენ. გარდა ამისა, არიან კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მოზიდულ ფინანსურ სახსრებს „აწარმოე საქართველოში“ და თანაპარტნიორობის ფონდის დახმარებით გრანტებს ან კრედიტებს აიღებენ“, — განაცხადა აკაკი ცომაიამ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, კორონავირუსს არც ერთ ბიზნესზე დადებითად არ უმოქმედია და ყველაზე ცუდი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე მოახდინა, რომელიც უახლოეს მომავალში სექტორზე აშკარად აისახება.
„უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული პრობლემები იქნება, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ეკონომიკის მეორადი სექტორი. მისი განვითარება და კეთილდღეობა განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით. ეკონომიკური ზრდის პირობებში, უძრავი ქონების შეძენის მეტი მსურველი ჩნდება, ბუნებრივია ამ დროს სექტორი ვითარდება. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა, ბუნებრივია ეს სექტორზეც ყველაზე მძიმედ აისახება. ვფიქრობ, რომ ამ სექტორს მძიმე დღეები ელოდება, დღეს მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, რაც საბოლოო ჯამში ფასების სერიოზულ ვარდნაში გამოიხატება“,— განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პანდემია არც ერთი ბიზნეს სექტორისთვის არ იყო მომგებიანი და ყველა ერთნაირად დაზარალდა, მათ შორის იმ კომპანიებსაც არ მიუღიათ სარგებელი, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ.
„დადებითი გავლენა პირობითი ცნებაა, მე არ ვფიქრობ რომ რომელიმე სექტორმა მოიგო ამ პერიოდში. ძირითადად მუშაობდა სურსათი და სააფთიაქო ქსელი. თუმცა, არა მგონია მათი ან მოხმარების რაოდენობა გაზრდილიყო ან ლიკვიდობა. გაიყიდა პროდუქციის ის რაოდენობა რაც ისედაც გაიყიდებოდა. მიმაჩნია, რომ ფასების მატება რომელიც ბაზარზე იყო, რაც ლოჯისტიკურმა სირთულეებმა და დევალვაციამ გამოიწვია, იქიდან გამომდინარეობდა, რომ ეს ქსელები ძირითადად იმპორტდამოკიდებულები არიან. ამ ჭრილში არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, უბრალოდ სხვა სექტორებისგან განსხვავებით არ აქვთ 100%-იანი ზარალი.
კომპანიების ბრუნვა კორონავირუსის გამო შემცირდა, რადგან მომხმარებლის მატერიალური მდგომარეობაც შემცირებული იყო. ჩემი მხრიდან იქნება გადაჭარბებული შეფასება, რომ ვთქვა ვიღაცამ კორონავირუსის პირობებში იხეირა. თუ სარგებელს ვეძახით იმას, რომ ნაკლებად დაზარალდა ან არ დაზარალდა, ამ კუთხით არის სექტორები რომლებიც ნაკლებად დაზარალდნენ და კორონავირუსის პერიოდში სარგებელი მიიღეს“,-განმარტავს ხუხაშვილი.
ნათია ლომიძე