ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ნიშნები შეიმჩნევა. მისი განმარტებით, ქვეყანაში რვა თვეში არსებული 10.3%-ის ეკონომიკური ზრდა, იმ პოტენციურ დონეს აღემატება, რომელიც მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ სახეზეა გადახურების ნიშნები.
ამ საკითხზე გადაცემა „საქმიან დილაში“ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა და აღნიშნა იზიარებს ეროვნული ბანკის მოსაზრებას და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მიგრანტების მესამე ნაკადი შემოვა, გადახურების ნიშნები კიდევ უფრო რეალური გახდება.
„როდესაც სებ-ი ამბობს, რომ ეკონომიკა გადახურების ფაზაში იმყოფება, ეს არის ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გადახრა პოტენციური დონისგან... ვიცით, რომ 9 თვეში 10.2%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენი პოტენციური დონე დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია და ეს გადახრა სებ-ს ამის თქმის, საფუძველს აძლევს. თუ შევხედავთ, ეროვნული ბანკის და მთავრობის პროგნოზებს, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ქვემოთ ჩამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა თავის დონეს დაუბრუნდება.
მაგრამ თუ ჩვენ მიგრანტების მესამე ტალღა გვექნება, და ის მოთხოვნას დააჩქარებს, ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა პოტენციურისგან კვლავ შეიძლება გადაიხაროს. ეს გამოიწვევს ზეწოლას ფასების დონეზე და იგივე უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებმა ფასები შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაზარდონ. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, რომ ის ოპტიმიზმი, დაგროვილი ბუშტივით მოხდეს, როგორც უძრავ ქონებაში, ისე სხვა მხრივ, ფასების დონე გაიზარდოს და ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ მოუწიოს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ რისკების რეალიზების შემდეგ, ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მაღალი ვარდნა გვექნება“, - განმარტა ქავთარაძემ