უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო სამშენებლო მასალების იმპორტის შეზღუდვა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როგორც კომპანია ,,ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია ადგილობრივმა წარმოებამ შანსი გამოიყენოს და არმატურას გამოშვება გაზარდოს, რაც დღესდღეობით ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა.
,,უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სამშენებლო მასალები ძვირდება და ცვლილება განსაკუთრებით არმატურას ეხება, რომლის ღირებულებამ უკვე 1000 დოლარს გადააჭარბა. პანდემიამდე 1 ტონა არმატურას 400 დოლარად ვყიდულობდით. სხვა სამშენებლო მასალების შემთხვევაში, ზრდა 40-50%-ის ფარგლებშია. ეს უკვე გლობალური პრობლემაა, გაძვირდა ყველაფერი, რაც ლოგისტიკას უკავშირდება“, - ამბობს ჯაყელი.
დეველოპერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინული არმატურის მარაგი ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ შემდეგში ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს.
,,უკრაინული არმატურის ალტერნატივა შეიძლება იყოს თურქული და ჩინური პროდუქცია, თუმცა საუკეთესო გამოსავალია ადგილობრივი წარმოება გავაძლიეროთ, რისი დიდი პოტენციალიცაა. ქართული არმატურა არ არის ცუდი და სამშენებლო კომპანიებისთვის მისი გამოყენება ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რაც ბაზარს ფასების ზრდისგან დაიცავს. ქართული წარმოება თუ მოერევა და უკრაინულ არმატურას ჩაანაცვლებს, გამოსავალი ნამდვილად გამოჩნდება. ადგილობრივი წარმოებისთვისაც დიდი გამოწვევაა და ვფიქრობ, თავი უნდა გაართვან“, - ამბობს არჩილ ჯაყელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით საქართველოს ეკონომიკური პრობლემები ექმნება. პანდემიის კრიზისისას მიღებულ უდიდეს დანაკარგს ქვეყანა ნელ-ნელა აღიდგენდა, თუმცა ომმა სიტუაცია გააუარესა. ბევრ სხვა მიმართულებებთან ერთად, განსაკუთრებით დიდ საფრთხეშია კონკრეტული დარგებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველი უძრავი ქონების ბაზარია.
მარი ჩიტაია