„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტები არ არიან და აქტივობაც ნაკლებია არ გავჩერებულვართ და არსებობისთვის და გადარჩენისთვის საკმარისი ქართველი დამსვენებელი მივიღეთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შატო იყალთოს მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, შატო იყალთოს მიმართ ქართველი დამსვენებლის ინტერესი შედარებით გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ.
„ჩვენ 2019 წლის აპირილიდან გავიხსენით და გახსნიდან თვენახევარში „გავრილოვის ღამის“ ამბებმა მოგვისწრო და სიტუაცია გაგვიფუჭდა, შემდეგ პანდემიის გამო გავჩერდით და როდესაც საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა საკმარისი რაოდენობის დამსვენებელი მივიღეთ, ვერ ვიტყვი, რომ სრული დატვირთვით ვმუშაობდით, მაგრამ ნორმალური დატვირთვა იყო“ - აღნიშნავს ფარნა მაყაშვილი.
შატო იყალთო მომხმარებელს აგროტურისტულ ვიზიტებს და ტურისტულ მასტერკლასებსაც სთავაზობს.
„გვაქვს ორსაუკუნოვანი ღვინის მარანი და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, დამსვენებელს უშუალოდ ღვინის დაყენების და თონეში პურის ცხობის პროცესში ვაღებინებთ მონაწილეობას, ასევე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური სივრცე. გარეშე პირები ჩვენთან არ დაიშვებიან და მხოლოდ დამსვენებლებისთვის არის გათვლილი, რაც მომხმარებლებისთვის სასურველი პირობაა“, - ამბობს ფარნა მაყაშვილი.
შატოს მენეჯერის თქმით, შატო იყალთოს მუშაობაზე ლარის გაუფასურებაც აისახა, რადგან პროდუქცია გაუძვირდათ. თუმცა ინფლაცია სასტუმროს და მომსახურეობის ფასებზე არ ასახულა, რადგან ქართულ სეგმენტზე არიან ორიენტირებული და ფასიც ქართველი მომხმარებლის შესაბამისი აქვთ.
თაკო კვაჭანტირაძე