დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებული მოვლენები იმ პროცესების ანალოგია, რაც მათ განახორციელეს აფხაზეთსა და ცხინვალში. რუსეთი ცდილობს გააგრძელოს აგრესიული პოლიტიკა, რაც ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი უკვე 10 წელია ავითარებს იმ სცენარს, რომლის ნაწილიც ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებია. როგორც მან აღნიშნა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ უკრაინაში პროცესების დასრულების შემდეგ, რუსეთის პროვოკაციების სამიზნე საქართველო გახდეს.
„რუსული სცენარის ნაწილია საინფორმაციო პიარ - ომი, მსგავსი საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. ასევე, იდენტურია მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის პროცესი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი დღით ადრე. ასე გაიყვანა რუსეთმა მოსახლეობა ცხინვალიდან. ძალიან საყურადღებოა, ლუგანსკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის კადრები, იმ მოტივით, რომ უკრაინა უნდა დაესხათ თავს, რაც გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით, გადაღებულია 2 დღით ადრე და ამისი მტკიცებულებებიც არსებობს.
ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ სცენარი, რომლითაც რუსეთი მოქმედებს უცვლელია. ლუგანსკსა და დონეცკში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ამ ორი რეგიონის მიერთებისთვის, სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა უკვე მიმართეს პუტინს ამ მოთხოვნით, სცენარი ამ შემთხვევაშიც იმ პროცესის ანალოგია, რაც ხდებოდა 2008 წელს.
რუსეთს არ დაუსრულებია თავისი იმპერიული გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს რეალური საფრთხე, უკრაინაში პროცესების დასრულების შემდეგ, რუსეთის პროვოკაციების სამიზნე ჩვენც გავხდეთ. რუსეთმა შესაძლოა გააგრძელოს დაწყებული პროცესი საქართველოში, ეს გამოწვევა არსებობს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი სცენარისთვის.
მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. გამოვიყენოთ ყველა ფორმატი საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებელად. უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალური გააქტიურება პარტნიორებთან, რათა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღოს მეტი შეიარაღება და გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.
ახლა, როდესაც დასავლეთი და ევროპა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ასე აქტიურად არის ჩართული, მნიშვნელოვანია, საქართველომ გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც მიმართულია უკრაინისკენ და ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭრის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია.
წყარო: ინტერპრესნიუსი