ქვეყანაში ხორბლის იმპორტიორები და წისქვილკომბინატები რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟისა და ამ პირობებში ფქვილის იმპორტის ზრდის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ. სოფლის მეურნეობის უწყებაში კი აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
ამ ფონზე არსებობს თუ არა ქვეყანაში ხორბლის მარაგი და მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ცვლილება. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.
„დღესდღეობით ხორბლის მარაგი საქართველოში არის, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ფერმერებში არის ჩარჩენილი 30 ათასი ტონა მინიმუმ, არის კიდევ წისქვილკომბინატების მიერ ადრე შემოტანილი, რომლის გადაფქვას დღეს აზრი არ აქვს და წისქვილკომბინატები ფიქრობენ, რომ თუ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს ხორბალი საზღვარგარეთ გაყიდონ. შემოდის აგრეთვე ფქვილი და სიტუაცია ისეთია, რომ საკმაოდ გაიაფებულია. დღეს პურის ფასის სტაბილურობისთვის ყველა წინაპირობაა არსებობს, თუმცა ამას სისტემურად უნდა შევხედოთ,“- აცხადებს ლევან სილაგავა, მისი თქმით, ამ ეტაპზე წისქვილკომბინატები სრულად გაჩერებული და მოლოდინის რეჟიმში არიან.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას შეთავაზებას უკეთებს, რომლის მთავარი მიზანს პურის ფასის შენარჩუნების გარანტია წარმოადგენს და რაც ასოციაციის აზრით, მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერების და მოსახლეობისათვის. ამის შესახებ ასოციაციამ გუშინ ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ეს გეგმა იყო განხილული.