ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ჩინური კომპანიები რუსეთზე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების უგულებელყოფის შედეგების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით New York Times იტყობინება.
წყაროს ცნობით, აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ გააფრთხილა ჩინური კომპანიები, რომლებმაც შესაძლოა დაარღვიონ აშშ-ის მიერ რუსეთში ექსპორტზე გამოცხადებული შეზღუდვები, რა შემთხვევაშიც ვაშინგტონმა შეიძლება შეუწყვიტოს მათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩინურ კომპანიებს სჭირდებათ მათი პროდუქციის წარმოებისთვის.
საუბარია იმაზეც, რომ აშშ-მ შესაძლოა ,,რეალურად დახუროს“ ჩინური კომპანიები, თუ ისინი უგულებელყოფენ აშშ-ს სანქციებს, რომლებიც ზღუდავენ რუსეთისთვის მიკროჩიპების და სხვა ტექნოლოგიების მიწოდებას.