უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების ჩინური გეგმის განხორციელება დამოკიდებულია არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ ვაშინგტონსა და კიევზე, რომლებიც ჯერ არ არიან ამისთვის მზად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკების შესაძლებლობების ლიმიტი, უკრაინის კონფლიქტში მათი ქმედებების გათვალისწინებით, ამოწურულია.
„ჩემი აზრით, გარკვეულ სიტუაციებში უაზროა შეთანხმება. აუცილებელია იგნორირება და ზოგ შემთხვევაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც გასული წლის 24 თებერვალს იქნა მიღებული. რადგან შეთანხმებები ზოგიერთ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა მედვედევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინეთმა 12-პუნქტიანი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, სადაც ის ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოუწოდებს. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს. ამას გარდა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოიხსნას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია.