აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინიციატივას 415 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორმა მისცა ხმა.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სენატი სავარაუდოდ, 5 მარტს დაამტკიცებს. მანამდე, 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატისა და დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის ლიდერები შეთანხმდნენ.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, დახარჯოს იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება.
საერთო თანხიდან სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული, 2,2 მილიარდი დოლარი კი, დაავადების გავრცელების პრევენციის ზომებზე დაიხარჯება.
სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ეს უმსხვილესი ფინანსური პაკეტი იქნება, რომელიც აშშ-ის კონგრესს ჯანდაცვის სფეროში კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუმტკიცებია.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 11 ადამიანი. დაავადებულთა რაოდენობა 16 შტატში 130-ს ადამიანს აღემატება.
1tv.ge