აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების 1.2 ტრილიონი დოლარის პაკეტს. ხმის მიცემის ტრანსლირება კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინიციატივას კონგრესის სენატმა მხარი დაუჭირა აგვისტოში, ახლა კი ის პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად. ხმის მიცემამდე ამერიკის ლიდერმა ბაიდენმა კონგრესმენებს არაერთხელ მოუწოდა, დაამტკიცონ გეგმა და ის მთელი ეს პერიოდი უშუალო კონტაქტზე იყო კონგრესმენებთან.
ბაიდენის თქმით, აღნიშნული პაკეტი ქვეყანას მისცემს საშუალებას ეკონომიკურად გაეჯიბროს ჩინეთს და სხვა მსხვილი ეკონომიკის ქვეყნებს. მისი თქმით, ასეთი გეგმები თაობაში ერთხელ ხდება და ის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „ის ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს გავიმარჯვოთ XXI საუკუნის ეკონომიკურ რბოლაში ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა მან.
მხარდაჭერილი გეგმის მთლიანი მოცულობა 1.2 ტრილიონი დოლარია. აქედან 110 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ხიდებისა და გზების მშენებლობაზე. კიდევ 39 მლრდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებაზე, 42 მლრდ პორტების და აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 55 მლრდ წავა სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებაზე, 65 მლრდ მოსახლეობისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, 73 მლრდ კი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ტრანსპორტირებაზე.
BPN.GE