მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის კუთვნილი, თითქმის, 400 მლნ დოლარის ორი თვითმფრინავის ჩამორთმევის შესახებ ორდერი გამოსცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ 350 მლნ დოლარის Boeing 787 Dreamliner და 60 მლნ დოლარის ღირებულების Gulfstream G650 ER ამჟამად აშშ-ში არ იმყოფება. ჩინოვნიკმა არ დააკონკრეტა, იცის თუ არა აშშ-ს მთავრობამ მათი ადგილმდებარეობა.
მოსამართელემ ორდერი იმ მოტივით გასცა, რომ ბოლო ფრენები ექსპორტის შეზღუდვაზე აშშ-ის კანონს არვევდა, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან დაწესდა. რაკი თვითმფრინავები ამერიკული წარმოებისაა, ხოლო ფრენები ექსპორტის შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ განხორციელდა, აბრამოვიჩს, როგორც რუსეთის მოქალაქეს, რუსეთში გასაფრენად აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ლიცენზია სჭირდებოდა, რაც მას არ მოუთხოვია. ვაჭრობის დეპარტამენტმა აბრამოვიჩს შესაბამისი ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ორდერი, სავარაუდოდ, აიძულებს კომპანიებს, თვითმფრინავების გადაადგილებას ხელი შეუშალონ. უწყების ინფორმაციით, Gulfstream 12 მარტს სტამბოლიდან მოსკოვში, მეორე დღეს თელ-ავივში, შემდეგ კი, 15 მარტს, კვლავ სტამბოლიდან მოსკოვში ჩაფრინდა. რაც შეეხება Boeing-ს, ის ბოლოს 4 მარტს, დუბაიდან მოსკოვში ჩაფრინდა.
Reuters-ის ცნობით, ვაჭრობის დეპარტამენტმა არალიცენზირებული ფრენისთვის აბრამოვიჩი შესაძლოა, დაახლოებით, 328 121 დოლარით ან სამივე ფრენისთვის, სხვა ჯარიმებთან ერთად, თითქმის, მილიონი დოლარით დააჯარიმოს.
უწყების წარმომადგენელი, ჯონ სონდერმანი აცხადებს, რომ ისეთი რუსი ოლიგარქები, როგორიც არის აბრამოვიჩი, ვერასდროს მიიღებენ უფლებას, აშშ-ის ექსპორტის რეგულაციები უშედეგოდ დაარღვიონ.
პროკურორები ამბობენ, რომ აბრამოვიჩი ორივე თვითმფრინავს კვიპროსში, ჯერსიში და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რამდენეიმე კომპანიის მეშვეობით ფლობს. თებერვალში ოლიგარქმა საკუთრების სტრუქტურის რეორგანიზაცია განახორციელა და თავისი შვილები იმ ტრასტის ბენეფიციარებად გააფორმა, რომელსაც ორივე თვითმფრინავი ეკუთვნის. თუმცა, ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, როცა თვითმფრინავები მომდევნო თვეში მოსკოვში ჩაფრინდნენ, მათი ფაქტობრივი მფლობელი კვლავ აბრამოვიჩი გახდა.
რომან აბრამოვიჩი, რომელმაც ომის პირველ დღეებში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრა, შეერთებული შტატების პერსონალურ სანქციებში არ მოხვედრილა. მას სანქციები ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.