აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მოსკოვის მერსაც შეეხებათ. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა აღნიშნული.
უწყების ცნობით, სასანქციო სიაში ასევე არიან პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, ყოფილი გენერალური პროკურორი იური ჩაიკა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო.
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღეს გამოაცხადა. ახალი შემზღუდავი ზომები უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებას. სანქციები უწესდება „სბერბანკს“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე „ალფაბანკს“. აშშ-მა ასევე „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრული შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები.