ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ახალი სანქციების სამიზნეებში პუტინის იახტებიც მოხვდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს პუტინისა და მდიდარი რუსების კუთვნილი იახტების, ძვირად ღირებული სახლებისა და კერძო თვითმფრინავების ხელში ჩასაგდებად.
გუშინ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა გამოავლინა ორი იახტა, რომლის მესაკუთრეობასაც, ხაზინის მონაცემებით, პუტინის ინტერესები უკავშირდება. ესენია რუსეთის დროშის ქვეშ მდგარი Graceful და კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი Olympia.
პუტინს, რომელიც შავ სიაში უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხვდა, ამ იახტებზე არაერთხელ უმოგზაურია. მათ შორის ერთ-ერთი გასვლა შავ ზღვაში, ხაზინის ცნობით, წელს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად ჰქონდა.
აშშ-ის ხაზინამ, ასევე, დაადგინა ორი სხვა იახტა, Shellest და Nega, რომლებსაც პუტინი იყენებდა და სანქცირებული რუსული კომპანიის საკუთრებაა.
ხაზინის სამიზნე, ასევე, საბროკერო კომპანია, Imperial Yachts-ია, რომელიც დაფუძნებულია მონაკოში და რუს ოლიგარქებსა და სხვა მფლობელებს თავიანთი იახტების გაქირავებაში ეხმარება, როცა ისინი მათ არ იყენებენ. ხაზინამ გამოავლინა საავიაციო კომპანიაც, რომელიც სანქციების თავიდან ასაცილებლად ოფშორული კომპანიისთვის ოლიგარქების თვითმფრინავების გადაცემის სქემაში მონაწილეობდა.