რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი არ გავრცელდება 2023 წლის 5 თებერვლამდე ტანკერებში ჩატვირთულ და იმავე წლის 1-ელ აპრილამდე დანიშნულების პორტში შეტანილ პარტიებზე. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში არის ნათქვამი, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.
OFAC, ასევე, განმარტავს, რომ თუ ეს ვადები დაკმაყოფილდა, ამერიკული კომპანიები ზღვრულ ფასზე მეტად შეძენილი რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტებისთვის საზღვაო ტრანსპორტირების სერვისის მიწოდებას შეძლებენ.
5 დეკემბრიდან ბარელ რუსულ ნავთობზე ზღვრულ ფასად 60 დოლარი განისაზღვრა, რაც G7-ის ქვეყნებმა (აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, იტალიამ და იაპონიამ), ევროკავშირმა, ავსტრალიამ და ნორვეგიამ შემოიღეს. რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ლიმიტი ძალაში 2023 წლის 5 თებერვლიდან შედის.
აშშ-ის ხაზინამ რუსული ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ განმარტებები ნოემბერშიც გამოსცა. უწყების ცნობით, 5 დეკემბრამდე დატვირთულ და 19 იანვრამდე გადმოტვირთულ ნედლეულს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვები არ შეეხება.
ზღვრული ფასების საპასუხოდ რუსეთის მთავრობა ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ახლახან, ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბიუჯეტს ეს არაფერს დააკლებს.
„ვიმეორებ, ჩვენ ისედაც ამ ფასებში ვყიდით ნავთობს. ასე რომ, ბიუჯეტზე არ ინერვიულოთ,” - მიმართავს პუტინი დასავლეთის ქვეყნებს.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, მოსკოვმა შესაძლოა, ექსპორტირებულ ნავთობზე ფიქსირებული ფასები დააწესოს ან ეტალონურ ნავთობზე ფასდაკლების ზღვრული ოდენობა შემოიღოს, რომლის დაბალ ფასადაც ნავთობი აღარ გაიყიდება.
„ვედომოსტიმ“ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასებზე პუტინის საპასუხო ბრძანებულების პროექტის დეტალები გაარკვია. გამოცემა წერს, რომ მოსალდონელი ბრძანებულებით, აიკრძალება რუსული ნავთობის მიყიდვა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ფასის ლიმიტს შეუერთდნენ, ასევე, აიკრძალება გაყიდვა იმ ხელშეკრულებებით, რომლებშიც ბარელ ნავთობზე რეფერენტულ ფასად 60 დოლარი არის განსაზღვრული. თუმცა ჯერჯერობით ეს საპასუხო ზომები არ გამოცხადებულა.