უკრაინის მოვლენებმა ნავთობის ექსპორტის აშშ-დან ევროპაში ნახტომისებური ზრდა გამოიწვია. ნავთობის ექსპორტი კვლავ გახდა შეერთებული შტატების ფინანსური გავლენისა და გეოპოლიტიკური ძალაუფლების წყარო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
ტანკერების ზედამხედველობს კომპანია - Kpler-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან, კონტინენტზე საშუალო თვიური ტვირთების გადაზიდვა 38%-ით გაიზარდა წინა 12 თვის პერიოდთან შედარებით. ტანკერებმა მეტი ნავთობის გადატანა დაიწყეს გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, ასევე ესპანეთში, რამაც შესყიდვები დაახლოებით 88%-ით გაზარდა.
Kpler-მა შეაფასა ნავთობის შემოდინება მექსიკის ყურიდან ევროპაში. იანვარში მაჩვენებელი 1,53 მილიონი ბარელი იყო დღეში. ამგვარად, ევროკავშირი ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ხშირი დანიშნულების ადგილი იყო აშშ-ს ნავთობისთვის, ვიდრე აზია.
„ამერიკამ კვლავ დაიკავა ყველაზე დომინანტური პოზიცია გლობალურ ენერგეტიკაში 1950-იანი წლებიდან. აშშ-ის ენერგია ახლა ხდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენი“ - ამბობს ენერგეტიკის ისტორიკოსი და S&P Global-ის ვიცე-თავმჯდომარე დანიელ ერგინი.
ევროპულ და ამერიკულ ნავთობს შორის ფასების სხვაობამ ტრანსატლანტიკური გადაზიდვები მომგებიან ბიზნესად აქცია ნავთობით მოვაჭრეებისთვის და სულ უფრო მეტად სპეკულანტებისთვის, აღნიშნავს WSJ.
ამავდროულად, ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, აშშ 2022 წელს აწარმოებდა რეკორდულ რაოდენობას 11,9 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში. წარმოების რეკორდული მოცულობა პროგნოზირებულია მიმდინარე და მომავალ წელს.