შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 100-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციისთვის სანქციების ახალი პაკეტი დააწესა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში. ამის შესახებ BBC წერს.
ეს სანქციები კრემლის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებას და მათ დასჯას ისახავს მიზნად, ვინც მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.
სანქციები შეეხო რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის იმპერიას, რომელიც, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის ხელმძღვანელობასთან, პირადად ვლადიმერ პუტინთან, დაახლოებული პირია და უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია.
სანქციები დაწესდა, ასევე, ჩინეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთელ რიგ კომპანიებზე, რომლებიც, ამერიკელების თქმით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უჭერენ მხარს.
სანქციები შეეხო ბუდაპეშტში დაფუძნებულ, მაგრამ კრემლის მიერ კონტროლირებად ფინანსურ ინსტიტუტს - საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს (IIB), მის ფილიალ მოსკოვში და მის ყოფილ და ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს.
ამერიკელების აზრით, კრემლი ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში IIB-ის მეშვეობით მავნე გავლენას ახორციელებს. გარდა ამისა, ბანკს შეუძლია კორუფციისა და უკანონო დაფინანსების მექანიზმად იქცეს.