შეერთებული შტატები დიდ შვიდეულთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, ხვალ, 6 აპრილს რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას CNN ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, სანქციები რუსეთს მნიშვნელოვან ხარჯებს დააკისრებს.
მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთში ყველა ახალი ინვესტიციის აკრძალვას, სანქციები დაუწესდებათ ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო საწარმოებს, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს.
ეს ზომები შეასუსტებს რუსეთის სახელმწიფო ძალაუფლების ძირითად ინსტრუმენტებს, მიაყენებს მკვეთრ და მყისიერ ეკონომიკურ ზიანს რუსეთს და პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსულ კლეპტოკრატიას, რომელიც აფინანსებს და მხარს უჭერს ომს. ეს ზომები მიღებული იქნება ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომელიც აჩვენებს ჩვენს გადაწყვეტილებასა და ერთიანობას რუსეთისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებაში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, - თქვა ოფიციალურმა პირმა.
mtavari.tv