რუსეთი უკრაინაში ომისა და რუსეთის სამართალდამცავების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ცრუ დაპატიმრების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში, - ნათქვამია წერილში.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები რუსეთის დატოვების აუცილებლობის შესახებ. ბოლო ასეთი საჯარო გაფრთხილება სექტემბერში მას შემდეგ იყო, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
„რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები აპატიმრებენ აშშ-ის მოქალაქეებს შეთხზული ბრალდებებით, აშშ-ის მოქალაქეებს აკავებენ და დევნიან, მათზე არ ვრცელდება სამართლიანი და გამჭვირვალე მოპყრობა,“ - აცხადებენ საელჩოში.
„რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის მოქალაქე რელიგიური მუშაკების წინააღმდეგ ადგილობრივ კანონებს აღასრულებს და დაიწყეს საეჭვო სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება აშშ-ის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რელიგიურ საქმიანობას ეწევიან“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.